ენერგეტიკა და გარემოს დაცვა

გარემოს დაცვის დღე ბათუმში. ივნისი 2007
ფოტო: აგნეს მონტანარი/UNDP
UNDP ეხმარება საქართველოს მთავრობას შეასრულოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში. გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებასა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვას.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტები და ვალდებულებები
UNDP ხელს უწყობს ეროვნული ანგარიშების შემუშავებას გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციის ფარგლებში.
იგი აგრეთვე მხარს უჭერს საქართველოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები ოზონის შრის დაცვის სფეროში. UNDP-ის ხელშეწყობით საქართველომ, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს წელიწადში 6 ტონამდე ოზონ-დამშლელ ნივთიერებას მოიხმარდა, 2009 წლისათვის სრულიად ამოიღო ეს ნივთიერებები მოხმარებიდან.
ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსები
გერმანიის განვითარების ბანკთან თანამშრმლობით UNDP ხელს უწყობს საქართველოში სუფთა ენერგო ტექნოლოგიების – მცირე ჰიდრო და გეოთერმული რესურსების გამოყენებას.
მაღალმთიან რეგიონებში იგი ახორციელებს სადემონსტრაციო პროექტებს, რომელთა მიზანია აჩვენოს ადგილობრივ მოსახლეობას სუფთა ენერგო ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა და ადგილობრივი ინვესტორებიც დააინტერესოს.
საქართველოს ბიომრავალფეროვნება
UNDP ეხმარება საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფრო ეფექტურად განახორციელოს ფინანსური მართვა და შემოსავლების გენერირების სხვადასხვა მოდელი გამოიყენოს.
ტრანს-სასაზღვრო ინიციატივები
UNDP-ის რეგიონული პროგრამა მტკვარი-არაქსის აუზის ბუნებრივი რესურსების დაცვას ემსახურება და ერთდროულად აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება.
გარდა ამისა, UNDP იკვლევს, თუ რა სავარაუდო გავლენას მოახდენს კავკასიის რეგიონზე კლიმატის ცვლილება და რამდენად იქნება შესაძლებელი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შერბილება.

